მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე მიკროავტობუსის მგზავრები გადაარჩინეს

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარეში ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებიც ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება.

შეტყობინების თანახმად, გოდერძის უღელტეხილზე, მდინარე ლოდის ძირში, ძლიერი წვიმის და წყალმოვარდნის გამო, მიკროავტობუსი ქვიშაში ჩაეფლო. აღნიშნულ ტრანსპორტში მყოფ 6 მგზავრს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებს დახმარება სჭირდებოდათ, რადგან მიკროავტობუსის მძღოლი მდინარიდან გადასვლას და მგზავრების ნაპირზე გამოყვანას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადიგენისა და ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს, მიკროავტობუსი კი ადიდებული მდინარიდან სააგენტოს მძიმე ტექნიკით გამოიყვანეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ყოველგვარი გარეშე გავლენისგან თავისუფალი – იანოშ ჰერმანი
შემდეგი სტატიაგახმაურებული საქმეების პროკურორი, რევაზ ნადოი მოსამართლე ვერ გახდა