მაშველები დაშავებულ ტურისტს დაეხმარნენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში ტურისტი დაშავდა, რომელიც მაშველებმა მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში იყო დაშავებული ტურისტი, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ომალოს მიმართულებით, სადაც დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ტურისტი თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის მუნიციპალიტეტის სამაშველო ჯგუფი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას ჩრდილო-დასავლეთიდან 17 კილომეტრში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია