“კახა კალაძეს უნდა ვკითხო, რომელმაც პეტერ ფიშერს „აკაცუკი“ დაუძახა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტი იყო და ერთდროულად აკეთებდა „არმანის“ საცვლისა და მიხეილ სააკაშვილის რეკლამას. მაშინ რატომ არ ჰქონდა პრეტენზიები?!”, – ამ შინაარსის განცხადებით შეაფასა ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ კახა კალაძის პოზიცია გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერთან მიმართებაში.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე მისვლა, არის ელჩების მხრიდან პრაქტიკა, რომ განწყობები და პროცესების შინაარსი იცოდნენ.
„ელჩები ისეთ გზავნილებს არ ავრცელებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. კახა კალაძეს უნდა ვკითხო, რომელმაც პეტერ ფიშერს „აკაცუკი“ დაუძახა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტი იყო და ერთდროულად აკეთებდა „არმანის“ საცვლისა და მიხეილ სააკაშვილის რეკლამას. მაგ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა, კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ყველა აქციას ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის ელჩი. მაშინ რატომ არ ჰქონდა პრეტენზიები? (აქციაზე მისვლა) ეს არის პრაქტიკა, რომ მათ იცოდნენ ახლოდან განწყობები და პროცესების შინაარსი. დღეს ქართველი ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ და შეიძლება ამ ხალხის მიმართ გერმანიის ელჩი სოლიდარული იყოს, ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას განსაზღვრავენ“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.


















