მას სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილი – ნიკა გვარამია

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის, დასახელებას სთხოვდნენ.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც დღის პირველ ნახევარში მამა გიორგი მამალაძეს ე.წ. “მატროსოვის” ციხეში შეხვდა.

ნიკა გვარამიას თქმით, მას სთხოვდნენ ასევე ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიც.

„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი. და მეორე, მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მას მამა გიორგიმ გაახსენა პრემიერის განცხადება, რომელმაც ამ საქმეზე თქვა, რომ ქვეყანაში წესრიგის შეცვლის აღკვეთა მოახდინეს.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი2-იც იქნებოდა ფიგურანტი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მამა გიორგის სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს, გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

ნიკა გვარამიას თქმით, საბოლოოდ საქმის შეკერვის პროცესში ვერ მივიდნენ პატრიარქამდე და გადაწყდა, რომ ის, ვისი მოკვლაც, თურმე, გიორგი მამალაძეს უნდოდა, ეს იყო შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი. მისივე თქმით, ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ ციანიდი არ დასჭირდებოდა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლის ხელყოფისთვის, რადგან მას ყოველდღე ხედავდა და ამასთან, რატომ გაირთულებდა საქმეს, როდესაც ციანიდი არის ურთულესი მოსაპოვებელი საწამლავი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაციანიდის საქმე ხელისუფლების და ეკლესიის გარკვეულ ნაწილს აწყობდა