ეს ქალი თითქმის არასდროს გამოჩენილა პუბლიკის წინაშე, მაგრამ სწორედ ეს ქალი – რიმა ზელენსკაა ის, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის მუდამ გვერდში ედგა, მხარს უჭერდა, რჩევებს აძლევდა. სწორედ დედა იყო ზელენსკის ყველაზე ქმედითი დასაყრდენი.
ქალი, რომელმაც მონღოლეთის მკაცრ პირობებში ქარხანაში მუშაობის რთული წლები გაიარა და კარგა ხანია რჩება აფრენილი შვილის ჩრდილქვეშ: არ დადის საზეიმო შეხვედრებზე, არ ხვდება ჟურნალისტებს და არ იძლევა ინტერვიუებს.
რიმა ზელენსკა 1950 წლის სექტემბერში, კრივოი როგში დაიბადა, ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა და რამდენიმე წელს პროფესიითაც მუშაობდა. ახალგაზრდობაში ის და მისი ქმარი მონღოლეთში გაემგზავრნენ, რიმა იქაც ინჟინრად მუშაობდა, თუმცა რთული კლიმატური და სამუშაო პირობების გამო რიმას ჯანმრთელობა გაუარესდა და ოთხი წლის შემდეგ ოჯახი კრივოი როგში დაბრუნდა.
ამის შემდეგ რიმა ზელენსკას სპეციალობით აღარ უმუშავია და მთლიანად ოჯახზე გადერთო. როცა მისი შვილი ჯერ პოპპულარული არტისტი, შემდეგ კი სულაც პრეზიდენტი გახდა, დედამისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში შვილის პოლიტიკურ არჩევანზე დედამისი ასე ამბობდა:
“მან ჩვენთან, მშობლებთან გაიარა ეს საკითხი და ჩვენ თავშეკავება ვურჩიეთ. ვუთხარით, რომ ეს მხოლოდ ტალახის სროლაა და მეტი არაფერი. მაგრამ მან ეს გზა აირჩია, მისი არჩევანია. მე ზუსტად ვიცი, რომ ის არ მოიპარავს და არც არავის მისცემს უფლებას, მოიპაროს. ჩვენ ის ასე გავზარდეთ, ხელმოკლედ ვზრდიდით, ხედავდა, მამა როგორ შრომობდა, ასე რომ შრომის ფასიც იცის”, – ამბობდა რიმა ზელენსკა შვილზე მისი საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ დედა მას განსაკუთრებით ეხმარებოდა, როცა “95-ე კვარტალში” იყო:
“როცა არავითარ დიეტას არ ვიცავდი, დედა ლაბასხმულს (ე.წ. ხალადეცს) მატანდა ჭურჭლით და ჭურჭელი აუცილებლად უნდა დამებრუნებინა. ეს ძალიან მაგარი იყო”, – ღიმილით იხსენებდა განვლილ წლებს პრეზიდენტი ზელენსკი.
ამჟამად რიმა ზელენსკა პენსიონერია და კრივოი როგში, ქმართან ერთად ცხოვრობს. ცნობილია, რომ მას თბილი ურთიერთობა აქვს შვილიშვილებთან და მათ ხშირად ნახულობს.