მარტვილში პარტია „საქართველოსთვის“ ხმების დათვლის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას ითხოვს

მარტვილში, სადაც ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა 2 ხმით მოიგო, ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობის გამო პარტია „საქართველოსთვის“ ხმების დათვლის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას ითხოვს.

მარტვილში ტალერი-კურზუს ოლქში პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს, ზურა ბიგვავას “ოცნების” კანდიდატმა 2 ხმით მოუგო. პარტია „საქართველოსთვის“  საარჩევნო მანიპულაციაზე ეჭვს გამოთქვამს და ხმების დათვლის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას ითხოვს.

„მარტვილში კურზუ-ტალერის სამაჟორიტარო ოლქში, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენმა კანდიდატმა ზურაბ ბიგვავამ ხმების დიდი რაოდენობით გაიმარჯვა, ძალიან მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბიულეტენების გასაფუჭებლად საარჩევნო მანიპულაციებს ან ხმების არასწორად დათვლას. „ოცნება“ მარტვილის საკრებულოში ცდილობს, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ წაართვას ეგრეთ წოდებული ოქროს გასაღები. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვითხოვთ ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეო მასალის ვებ გვერდზე ატვირთვას, სადაც თითოეულ ბიულეტენზე კონკრეტულად გამოჩნდება მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება კონკრეტულად რომელი სუბიექტისთვის აქვთ ხმა მიცემული.’’ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ

მისივე ცნობით: „ერთ-ერთ უბანზე მან დამაჯერებელად გაიმარჯვა. დაახლოებით 240-მდე არის ამ კონკრეტულ უბანზე სხვაობა, მაგრამ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არის საკმაოდ დიდი.’’

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხაზს უსვამს, რომ  თითოეულ განზრახ გაბათილებულ ბიულეტენს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ამ კონკრეტულ სამაჟორიტრო ოლქში ცდომილება არის 2 ხმა. ჩათვალეთ, რომ 2 ხმა არსებითად წყვეტს ამ კონკრეტულ საოლქო უბანზე მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვებას.’’ – ამბობს ფარულავა.

ინფორმაციისთვის, “თაიმერის ” კორესპონდენტი არჩევნების დღეს, გვიან ღამით, სწორედ ამავე საარჩვნო უბანზე იმყოფებოდა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ  სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტს ჯაფარიძეც ტოვებს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს