მარტვილში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა დიდი ოდენობით ხე-ტყე – დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის სახეობის სამი ერთეული მრგვალი მორი.

დალუქვის მიზნით ავტომანქანის შესაბამის ადგილას გადაყვანის დროს, მორების დამჭიმი ღვედი გაწყდა და ხე-ტყე მანქანის ძარიდან გადმოიყარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა და მორები დალუქეს, სამართალდამრღვევის მიმართ კი, შესაბამისი აქტი შეადგინეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ჩემთვის გაუგებარია მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე
შემდეგი სტატიაქუთაისში კოვიდპაციენტი საავადმყოფოს მე-5 სართულიდან გადმოხტა