მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის, 110-კილოვოლტიან ახალ ელექტროგადამცემ ხაზს — „მარტვილი“ აშენებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.
ახალი ელექტროგადამცემი ხაზი მარტვილის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო გახდება. ამასთან, იგი აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ (სარეზერვო) წყაროს წარმოადგენს.
სამუშაოებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს და პროექტის დასრულება მაქსიმუმ 10 დღეში იგეგმება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უმნიშვნელოვანესია როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის, ისე მიმდებარე რაიონებისთვის, სამუშაოები ზაფხულის სეზონზეც ინტენსიურად მიმდინარეობს. ხაზის მშენებლობა რამდენიმე თვით ადრეც დასრულდებოდა, თუმცა, ლოკალური რამდენიმე პრობლემის გამო, სამწუხაროდ მუშაობა სეზონის პიკზე გვიწევს. უსაფრთხოების მიზნით კი დღის განავლობაში, რამდენიმე საათით, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ხდება“, — განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მამისეიშვილმა.
კომპანიის განცხადებით, ახალი 110-კილოვოლტიანი ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის მარტვილის ენერგომომარაგების საიმედოობას, გააუმჯობესებს ქსელის მდგრადობას და შექმნის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების დამატებით შესაძლებლობას მეზობელი მუნიციპალიტეტებისთვის.














