მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ, სერგიეთის მოსახლეობა მძიმე ვითარებაზე საუბრობს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
„თაიმერის“ ჟურნალისტს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ ამავე სოფელში ცხოვრობს მარტვილის მერი გიორგი ნაჭყებია.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში უკვე მესამე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, ხოლო გზები თოვლისგან გაწმენდილი ამ დრომდე არ არის, რის გამოც გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„მესამე დღეა არ გვაქვს ელექტროენერგია, გასაკვირი ის არის რომ ამ სოფლიდან არის მარტვილის გამგებელი, არ ვიცი ეს თვალის ახვევაა, თუ “სირაქლემას პოზიციაში” ყოფნა არის, გზებიც არ არის გაწმენდილი, ხალხი საკუთარ სახლებში ვერ შედის, მანქანები ვერ შეჰყავთ ისეთი თოვლია, ვითხოვთ რეაგირებას და დახმარებას“ – აცხადებს კონფიდენციალური წყარო სოფელ სერგიეთიდან.
დიდთოვლობის შედეგად, პრობლემები შეექმნათ მარტვილის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სოფლებსაც. არსებული მდგომარეობით, ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი ზამთრის სეზონს მომზადებული არ შეხვედრია.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის სოფლების დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე მესამე დღეა არ აქვს. ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება, თუ არა მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი ახალ წელს სანთლის შუქით.
ავტორი: აკო ქიქავა














