მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი,ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ – მდინარაძე

საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, ამბროლაურში გამართულ საკონსტიტუციო განხილვაზე განაცხადა.

“აბორტთან დაკავშირებით სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში და ა.შ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ პათოსში ზოგადად გეთანხმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაცა შედეგამდე მივალთ… მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ, გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით. ახლა ვერ გეუბნებით, უკაცრავად, ცოტა რთული კითხვაა, სად იქნება ეს ზღვარი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ უშვილო წყვილის ინტერესები დავიცვათ, მეორეს მხრივ, ზედმეტი მანიპულაციებისგანაც დავიცვათ.

მეორეს მხრივ იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება.

მერე იყო, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – აი, მაგალითად – „არ ვარ დაოჯახებული” – ქალი ამბობს და „მინდა, რომ მყავდეს შვილი” – ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა. მერე ეს გახდა საკამათო თემა. „ჩემი რაღაცა ფაქტორების გამო არ გავთხოვილვარ” – ამბობენ და „რატომ მართმევ დედობის უფლებას”. ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით.

სამედიცინო თემების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქეებს “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან თავშეკავებას ურჩევენ
შემდეგი სტატია2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია