მარტინ შულცი: პრემიერ-მინისტრს გარანტიას ვაძლევ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გარანტიას აძლევს, რომ ევროპარლამენტი, როგორც ევროპული ინსტიტუტი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ამის შესახებ მან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა – პირველი შეხვედრა პირისპირ, რადგანაც მანამდე გვქონდა ძალიან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, მართლაც ღირსშესანიშნავი შედეგებით. ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში. ასე რომ, გილოცავთ. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში“, – განახადა მარტინ შულცმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა საკითხები განიხილეს.

„გარდა ამისა, განვიხილეთ ქვეყნის ურთიერთობები რეგიონალურ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები. დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მარტინ შლცის თქმით, საქართველოს შეუძლია, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში ევროპარლამენტის იმედი ჰქონდეს.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში. ჩვენი შეხვედრა გაიმართა ძალიან მეგობრულ გარემოში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი აზრთა გაცვლა“, – მიმართა მარტინ შულცმა პრემიერ-მინისტრს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალიზაციას, როგორც წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას”
შემდეგი სტატია(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ჟურნალისტებს: პროვოკაციები მოუწყვეთ ბებიათქვენს