მართვის მოწმობის ქულები ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას მიებმება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ მომავალში მართვის მოწმობის ქულათა სისტემა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას მიებმება. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზისა და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ბევრი მსჯელობა იყო, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან შეიძლება, მანქანას არ მართავდეს უშუალოდ მანქანის მეპატრონე. ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვეთ, რომელსაც საზოგადოებას ფართო წრეებთან განვიხილავთ და ეს სამართალდარღვევა – სიჩქარის გადაჭარბება გზაზე და ამის შედეგად ქულათა დაკლება იქნება მიბმული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემაზე“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგი მიმართულებით ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას, განსაკუთრებით ეს ეხება ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვას.

„მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ნომრის ამომცნობი მობილური სისტემა, ეს ბევრ ქვეყანაში ძალიან ეფექტურად მოქმედებს, საუბარია პორტატულ სისტემაზე, რომელიც მაგრდება საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე და ე.წ. მაღალი რისკის მძღოლებს გამოავლენს. მაგალითად, მძღოლების, რომლებსაც მართვის მოწმობა შეჩერებული აქვთ, მაგრამ მაინც მართავენ მანქანას“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოპედების რეგისტრაციაა.

„ჩვენს ქალაქში მოპედების უპრეცედენტო რაოდენობაა, ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია, უბრალოდ, დღეს მოპედები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმაა დარჩენილი და არაფრით არ რეგულირდება, არ სჭირდება არც მართვის მოწმობა, ფაქტობრივად ის არის საგზაო მოძრაობის მონაწილე, ამავე დროს, არ არის. მასზე არავითარი სანქცია არ ვრცელდება და ხშირია შემთხვევა, როდესაც გვაქვს მოპედების მონაწილეობით ძალიან სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევები“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზოგადად, ავარიების 86% მძღოლის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია.

„2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ღონისძიებების ნაწილი წინა წლებშიც დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვავითარებთ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება გზებზე სამართალდარღვევების გამოვლენას“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის
შემდეგი სტატია“ქალები, ბიზნესი და კანონის” რეიტინგში საქართველო 82-ე ადგილზეა