მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.

შს სამინისტრო განმარტავს, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ცვლილებებით, ეს ვადა ერთ კალენდარულ წლამდე გაიზრდება. მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება, ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე ჩააბაროს, რომ თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა თავიდან არ მოუწიოს.

ამასთან, ცვლილებებით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ (საფასური 40 ლარი იქნება) პირს უფლება ექნება, მართვის მოწმობა ვადაზე ადრე, ერთ სამუშაო დღის ვადაში მიიღოს, თუნდაც გამოცდის ჩაბარების მე-2, მე-3 ან შემდეგ დღეებში.

„მართვის მოწმობის აღება პირს დღეისთვის შეუძლია შვიდ სამუშაო დღის ვადაში (საფასური – 15 ლარი) ან დაჩქარებული მომსახურებით გამოცდის ჩაბარების დღესვე (საფასური – 50 ლარი), სხვა ალტერნატივა დღეისთვის არ არსებობს, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან დაჩქარებული მომსახურების მიღება სურთ, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოცდის ჩაბარების დღესვე ვერ ასწრებენ შესაბამისი საფასურის გადახდას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში, ვირჯინიაში სროლისას 11 ადამიანი მოკლეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს