მართვის მოწმობის აღების მსურველებს, შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასჭირდეთ,_ ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი წერს.
მათი ინფორმაციით, როგორც გეგმაშია ნათქვამი, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც.
მათივე ცნობით, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს, ქვეყანაში მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისთვის და ინსტრუქტორებისთვის სერტიფიცირების მოთხოვნების განსაზღვრასა და დანერგვასაც: „ამ ეტაპზე, მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირება არ ითვალისწინებს ამავე დაწესებულებებისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭების, ასევე ინსტრუქტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრების რეგულირების მსგავსად, განისაზღვრება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებათა სავალდებულო სტატუსის მინიჭების და ინსტრუქტორთა სერტიფიცირების მოთხოვნები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, საკვალიფიკაციო და ორგანიზაციული კრიტერიუმები”.















