მართლმსაჯულების რაიმე ფორმით შეზღუდვა გაუმართლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ერთადერთი კანონპროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მხრიდან შესული სამი სხვადასხვა კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის.

„პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან სამი სხვადასხვა კანონპროექტია წარმოდგენილი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან. არც ერთი მათგანი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მხოლოდ ჩვენი კანონპროექტია. როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციას ვწერდით, ორ რამეს ვეფუძნებოდით. ეს იყო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი და ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის შესაბამისი საკვანძო, ზოგადი რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონპროექტი ამ სულისკვეთებით მომზადდა.

კონსტიტუციის მზადებისას ევროსაბჭოს რეკომენდაციები სამ საკითხში არ გავიზიარეთ. პირველი – ეს იყო პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს ფორმირებაში. ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან მთელი დისკუსია დაგვჭირდა. კონტექსტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს უნდა დარჩენოდა როლი უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესში; მეორე – ეს იყო 2/3-ით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესება. გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოში მოსამართლე წევრი ცხრა არის, გამოდის ისე, რომ თუ ერთი არამოსამართლე წევრი წინააღმდეგ წავა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება იბლოკება; კონტექსტიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს რეკომენდაციების წინააღმდეგ წავედით, უვადო გამწესების წესი გადავავადეთ 2024 წლის ბოლომდე. ევროსაბჭოს რეკომენდაციები ამ სამ რამეში არ გავიზიარეთ. გაირკვა, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ამის მართლმსაჯულების რაიმე ფორმით შეზღუდვა გაუმართლებელია. კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება კიდეც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი იმას კადრულობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი არ უკადრიათ