მართლმადიდებელი სამყარო ხვალ უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო პირველ მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.

ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში, ღამისთევის მსახურება შესრულდება. მწუხრის ლოცვის შემდეგ, ტაძრების გარშემო ლიტანიობა – ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ღამისთევის მსახურებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს.

ტაძარში ჯერ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა ჩატარდება. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას უამრავი მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრება.

ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელსაც მომლოცველთა ჯგუფი თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანს. ასევე, წაიკითხება კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა წითელ პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, გოლგოთაზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს, კვირას მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა და “სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა”.

უფლის ჯვარცმასა და აღდგომას ადამიანების პირველქმნილი ცოდვისგან დახსნა უკავშირდება. ადამიანთათვის სამოთხის ბჭე მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო. აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც დიდ შაბათს აღესრულება. ამ სასწაულის მოწმე ყოველწლიურად ასობით ათასობით მომლოცველი ხდება.

ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული – მაცხოვრის აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და გაზაფხულზე აღინიშნება. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.

banner
წინა სტატიაშიწმინდა ცეცხლი გადმოვიდა
შემდეგი სტატიაზაჰესში ნაღმის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა