მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა

მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა. კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა.
პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი, მარნეულის 48-ე უბნის გარდა 08:00 საათზე დაიწყო. აღნიშნულ უბანში ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, კენჭისყრის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა.
№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.
რაც შეეხება მარნეულს, სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე 8 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. აღნიშნული უბნის შედეგები ასევე გაბათილდა.
დამკვირვებლების შეფასებით, ოთხივე უბანზე ხმის მიცემის პროცესი მთელის დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში სანდრა რულოვს ელოდებიან
შემდეგი სტატიათურქეთის ერთ-ერთ პორტში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა