მარნეულის მერის შუალედურ არჩევნებში “ევროპული საქართველოს” კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი იქნება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მარნეულში, მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.

ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. მან ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა გამოიყენონ.

„წინსვლას, წარმატებას სჭირდება ბრძოლა, ცვლილებები და სჭირდება დღევანდელი ხელისუფლების სახლში გაშვება. იმიტომ რომ, ყველა ვხედავთ დღეს, რა ხდება მარნეულშიც და მთელ დანარჩენ საქართველოშიც,“ – აცხადებს ბაქრაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები და გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

„ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება. ცვლილებების გზა ევროპული საქართველოსთვის გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები, უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები და ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თავად აჰმედ იმამყულიევმაც გააკეთა განაცხადა და აღნიშნა, რომ მარნეულში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არაფერი გაკეთებულა.

„ქართული ოცნება აუცილებლად უნდა დამარცხდეს არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები და მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,“ – აღნიშნა იმამყულიევმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტში, მთაწმინდის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, რომელმაც მოსახლეობას მარნეულში, შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად აკმამედ იმამყულიევის წარდგენა მიულოცა. მან იმამყულიევს ღირსეული და პროგრესული ადამიანი უწოდა.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკის” საქმის და ანაკლიის პროექტის დაკავშირება ერთმანეთთან არასწორია
შემდეგი სტატიასაშვები პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენციისთვის