მარნეულის 50-ე უბანზე მცირე ხარვეზები ფიქსირდება-ცესკოში ოთარ კახიძის განცხადებას პასუხობენ

საარჩევნო კომისიაში სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ოთო კახიძის განცხადებებს მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, მათ გადაამოწმეს მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ინფორმაცია და შედეგად მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა, საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა, გადაუკეცავი ბიულეტინი გადაეკეცა და ისე განეთავსებინა შესაბამის კონვერტში. დილიდან 50-ე საარჩევნო უბანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და „თანასწორობის ცენტრის“ დამკირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ. ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში და მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება, ამის შემდეგ მათ დაატოვებინეს საარჩევნო უბანი”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს და ასევე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებისმქონე პირებს, ხელი არ შეუშალონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას.

ცესკო თხოვნით მიმართავს ყველას, გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რაც ადმინისტრაციის განცხადებით, ხელს უშლის და ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს.

banner
წინა სტატიაში(video) ირაკლი კობახიძე : “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 50-ე უბნის ჩაშლას გეგმავს
შემდეგი სტატია(video) ბიძინა ივანიშვილი : ,,ბევრი ბიულეტინი გაყალბდა პირველ ტურში”