ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, რომ დღეს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის საგანგებო შეხვედრა იმართება. მისივე განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა სავიზო რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილია და ის მაშინ ტარდება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უკვე გააქტიურებულია.
ლამერტის თქმით, დღევანდელ დისკუსიას წინ უძღოდა 2026 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ.
ევროკომისიის განცხადებით, მხარეები იმ კონკრეტული მიზეზების აღმოფხვრაზე იმსჯელებენ, რამაც ევროკავშირის მხრიდან მკაცრი ზომების მიღება გამოიწვია:
„მათთვის უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად 12-თვიანი პერიოდით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრებმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.
სწორედ ამაზე იქნება საუბარი, რომ გაგახსენოთ ეს გარემოებები, რაც შემდეგია: საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელიც ქვეყანამ იკისრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში გადამწყვეტ სფეროებში — დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებში“, — განაცხადეს ევროკომისიაში.
ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის 1 წლით შეჩერება 2026 წლის მარტში მოხდა. დღევანდელი შეხვედრა წყვეტს, გავრცელდება თუ არა შეჩერების მექანიზმი საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებზეც, თუკი თბილისი დემოკრატიულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.















