25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მარკუს ლამერტი: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება

ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა გამოცემა „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ განმარტა 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის შინაარსი და მიზნები. ლამერტის განცხადებით, ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელიც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ნაწილს წარმოადგენს.

2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში. მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას. შეჩერება ძალაშია 12 თვის განმავლობაში.

მარკუს ლამერტმა თქვა, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება კარგავს ძალას, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან ე.წ. „გაძლიერებულ დიალოგს“ იწყება, რომლის მიზანიც იმ გარემოებების გამოსწორებაა, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია.

მისი განცხადებით, სწორედ ამ კონტექსტში იმართება შეხვედრა 11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დელეგაციას შორის და შეხვედრაც სწორედ ამას ეხება.

„შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.

ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში“, — განაცხადა მარკუს ლამერტმა.

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში დაიბეგრება სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა დღგ-ით – ახალი წესი
შემდეგი სტატია2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება – თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება