აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
აშშ-ის დელეგაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, 18 თებერვალს შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს ომის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა გასულ კვირას პატიმრების გაცვლის საკითხზე აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების უზრუნველყოფაში თავისი როლი ითამაშა.