მარკო რუბიო: ჩვენ მზად ვიქნებით, განვაახლოთ ურთიერთქმედება, როდესაც უკრაინელები მზად იქნებიან მშვიდობის დასამყარებლად, რაც აშკარად არის პრეზიდენტის მიზანი

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც უცდია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პარასკევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუბიომ უპასუხა, რომ არ უსაუბრია.

„პარასკევის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. თუმცა, ჩვენ მასთან უამრავი კონტაქტი გვქონდა. უამრავი. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ვფიქრობ, პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების ბოლო სტრიქონი არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მზად ვიქნებით, განვაახლოთ ურთიერთქმედება, როდესაც ისინი მზად იქნებიან მშვიდობის დასამყარებლად, რაც აშკარად არის პრეზიდენტის მიზანი. ის ცდილობს, მიიყვანოს რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნახოს, არსებობს თუ არა გზა ამ კონფლიქტის დასასრულებლად. ეს არის მისი მიზანი.

ეს მისი ერთადერთი მიზანია. და იცით, იმედია, ჩვენ მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის საშინელი ომი. ეს არის სისხლიანი ჩიხი, ხორცის გასატარებელი მანქანის ტიპის ომი და მას სურს, რომ ის დასრულდეს. როგორ დამთავრდება? ძალიან მარტივია. დამთავრების ერთადერთი გზა არის, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივა. ახლა პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მაგიდასთან, რათა გაიგოს, რისთვის არის მზად, რომ დაასრულოს ომი.

თქვენ ვერ მიიყვანთ მას მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ, თუ მტრულად იქნებით განწყობილი. ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინსტინქტებია წლების გამოცდილებით, რადგან ის წლებია, გარიგებებს დებს. ერთადერთი მიზანი აქ არის მცდელობა, რომ დასრულდეს სამწლიანი მსოფლიო ომი, რომლის დასასრულიც არ ჩანს“, – განაცხადა რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მაგიდასთან, რათა გაიგოს, რისთვის არის მზად, რომ დაასრულოს ომი
შემდეგი სტატია„ეიბისი ნიუსის” ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან , მარკო რუბიოს ჰკითხა:” რატომ შეიძლება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო, როგორც თქვენ ამბობთ, არ დაუძახო სხვადასხვა სახელი პუტინს?“