3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

მარკო რუბიო: აშშ და ევროპა ერთმანეთს ვეკუთვნით

“ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა – ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით. ამერიკა 250 წლის წინ დაარსდა, თუმცა მისი ფესვები ამ კონტინენტზე ბევრად ადრე იწყება. ადამიანები, რომლებმაც ჩემი სამშობლოს დასახლება და აშენება დაიწყეს, ჩვენს ნაპირებს მოადგნენ წინაპართა მოგონებებით, ტრადიციებითა და ქრისტიანული რწმენით, როგორც წმინდა მემკვიდრეობით – ძველ და ახალ სამყაროს შორის გაუტეხელი კავშირით”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ჩვენ ერთი ცივილიზაციის ნაწილი ვართ – დასავლური ცივილიზაციის. ერთმანეთთან გვაკავშირებს ყველაზე ღრმა კავშირები, რაც ერებს შეიძლება ჰქონდეთ. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთო ისტორია, ქრისტიანული რწმენა, კულტურა, მემკვიდრეობა, ენა, წარმომავლობა და ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ერთად გაიღეს იმ საერთო ცივილიზაციისთვის, რომლის მემკვიდრეებიც დღეს ჩვენ ვართ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამერიკელები, შესაძლოა ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირები და დაჟინებულები გამოვჩნდეთ ჩვენს რჩევებსა და მოსაზრებებში. სწორედ ამიტომ მოითხოვს პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულობასა და ორმხრივობის პრინციპს ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან.

მიზეზი, მეგობრებო, ის არის, რომ ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ. ღრმად გვადარდებს თქვენი და ჩვენი მომავალი. თუ ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს უთანხმოება მოდის ჩვენი ღრმა ზრუნვიდან იმ ევროპის მიმართ, რომელთანაც ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ვართ დაკავშირებულნი, არამედ სულიერად და კულტურულადაც. ჩვენ გვსურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს.

ჩვენ გვწამს, რომ ევროპამ უნდა იარსებოს და გადარჩეს, რადგან გასული საუკუნის ორი დიდი ომი ჩვენთვის ისტორიის მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ საბოლოოდ ჩვენი ბედი იყო და ყოველთვის იქნება თქვენს ბედთან გადაჯაჭვული. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი არასოდეს იქნება ჩვენთვის უმნიშვნელო”,_  თქვა მარკო რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას
შემდეგი სტატიააშშ-მა ნარკოტიკების გადამზიდი გემი დაბომბა- დაიღუპა სამი ადამიანი