აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მარკო რუბიოს თქმით, სამშვიდობო პროცესი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, რადგან ამ კონფლიქტის დასრულება არ იქნება მარტივი, ერთი შეხვედრით ეს პრობლემა არ გადაწყდება.
„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც კენჭს იყრიდა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და ის თუ ხედავს ამის დასრულების შესაძლებლობას, რასაც ის ეძებს, ჩვენ მას გამოვიყენებთ. საბოლოოდ ეს მიაღწევს ეტაპს, თუ იქნება რეალური მოლაპარაკებები. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ამისთვის, თუმცა ეს თუ მოხდება, უკრაინა უნდა ჩაერთოს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შეიჭრნენ და ევროპლებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათ სანქციები აქვთ დაწესებული პუტინის, რუსეთის წინააღმდეგ და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში. ჩვენ უბრალოდ ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, რადგან ჩვენ გვსურს, ვნახოთ ამ ომის დასრულება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
სახელმწფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბარი იყო პირველი ნაბიჯი ამ პროცესში და წინ გრძელი გზა და ბევრი სამუშაოა შესასრულებული.