მარკეტა გრეგოროვა: ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა

​ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა. გრეგოროვა ევროპარლამენტარების იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც არჩევნებზე დასაკვირვებლად უკვე ჩამოვიდნენ.

“ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ, შევამოწმოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

რაც შეეხება დიპლომატების მოსმენებს, რაც ცნობილი სუს-ის ჩანაწერებიდან გახდა, ევროპარლამენტარმა აღნიშნა – “ამას რა თქმა უნდა გავლენა ექნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა”.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოკვლევა ჩატარდება.

ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.

ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ თუკი სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, ამას გააკეთებს ჩუმად და არა არჩევნების დღეს.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში მის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს უმეტესწილად სტაბილურობა სჭირდება. მას კი, ეს არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე, მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის დაბრუნდება, ამას ჩუმად გააკეთებს და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი – მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 571 თბილისში, 315 იმერეთში, 262 კი კახეთში დაფიქსირდა