„უკრაინა არა მხოლოდ მტკიცედ დგას, არამედ ყველას გვახსენებს პრინციპების ძალას იმას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ყველა სირთულის მიუხედავად, ნამდვილად ღირს. პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში შემოგვიერთდება. ჩვენ მას და ყველა უკრაინელს ვუჩვენებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, პრეზიდენტ პუტინს კი შევახსენებთ, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ. რუსეთი არის საფრთხე, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ და ამ მხრივ უკრაინაზე დიდი გამოცდილება არავის აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავაც უკრაინის გვერდით ვიდგებით. ჩვენი უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთის აგრესია მას ვერ შეაკავებს.
ჩინეთი, ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, აგრძელებს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბირთვული პოტენციალის გაფართოებას, რისთვისაც კოლოსალურ ინვესტიციებს დებს სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში.
ჩრდილოეთ კორეა ჯიუტად განაგრძობს ბირთვული პროგრამის განვითარებას და, ამავდროულად, რუსეთის მხარდაჭერით, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს.
და ბოლოს, ირანი: უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები, თუმცა ჩვენ კვლავაც ფხიზლად უნდა ვიყოთ“, — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
















