ნატო მზად არის თითოეული მოკავშირე ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში ნატო-ს ლიდერების პლენარული შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა იქნებოდა მისი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.
„ჩემი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია: ეს არის ალიანსი, რომელიც ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ მილიარდ ადამიანს აერთიანებს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატო-ს ვერ დაამარცხებთ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. არასოდეს არავის დავესხმებით თავს – მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებსა და ტერიტორიას დავიცავთ. ამიტომ ნუ გვეთამაშებით“, – განაცხადა რუტემ.
„ჩვენ ეს ინვესტიციები იმიტომ არ გვჭირდება, რომ ომები ვაწარმოოთ. გვჭირდება იმისთვის, რომ იმდენად ძლიერები ვიყოთ, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა“, – განაცხადა რუტემ.
რუტეს თქმით, სამიტის პირველ დღეს უკვე გაფორმდა არაერთი ახალი ხელშეკრულება და აღებული იყო მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ შეძლო იმის გაკეთება, რასაც ეიზენჰაუერის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტები ცდილობდნენ, რაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრება იყო. ეს ახლა ხდება. წელს უკვე ოთხ პროცენტს მივაღწიეთ, რაც საოცარია. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის, არამედ რუსული საფრთხის გამო. მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის წახალისება ამის გაკეთებაში ნამდვილად დაგვეხმარა და მას შედეგიც მოაქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუტემ.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანი იქნება. მისი თქმით, მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ პოზიციას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. გარდა ამისა, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის სრულად აღდგენა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ირანზე აშშ-ის ახალი თავდასხმები აუცილებელი იყო.
„როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და ირანი ფაქტობრივად არღვევს მას, ვფიქრობ, აშშ-ს ძალისმიერი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუტემ.
















