ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავის მრავალწლიან ბიუჯეტში დამატებითი შენატანის თხოვნის ნაცვლად, ბრიუსელმა უნდა შეამციროს ხარჯები. როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განუცხადა.
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე გუშინ განიხილავდნენ ევროკომისიის თხოვნას, 2021-2027 წლების ბიუჯეტში 66 მილიარდ ევროს დამატებით შენატანზე იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს, რაც დაკავშირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან, მიგრაციის მართვასა და პანდემიის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის სესხის ხარჯების ზრდასთან.
მარკ რუტემ აღიარა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ზრდა სავარაუდოდ აუცილებელია, თუმცა მან მედიასთან განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ბიუჯეტის შიგნით პრიორიტეტების შეცვლის გზით.
„ისევე როგორც ეროვნულ ბიუჯეტში, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა. ჩვენ იმავეს გაკეთება გვიწევს ნიდერლანდებში“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ არავინ ელოდება მოუთმენლად ბრიუსელისთვის საფულეების გახსნას ხარჯებზე დიდი ზეწოლის პერიოდში.
ამავე დროს, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დამატებით დაფინანსებას. რუტეს თქმით, ის ფიქრობს, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრი ან უმრავლეოსბა მხარს უჭერს.