მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა გამოაცხადეს დერეფნის უზრუნველყოფა ჩაბარებისთვის, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ქალაქის დაცვას

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა „ჩაბარებისთვის დერეფნის უზრუნველყოფის შესახებ“ გამოაცხადეს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ქალაქის დაცვას, – ამის შესახებ „უნიანი“ მარიუპოლის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველ პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, პეტრ ანდრიუშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ოკუპანტების მცდელობები, თითქოს საომარი მოქმედებების ადგილი მხოლოდ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნით შემოიფარგლება, რეალობას არ შეესაბამება.

„საბრძოლო მოქმედებების დროს ოკუპანტებმა კვლავ მძიმე არტილერია გამოიყენეს საცხოვრებელი სახლების მიმართულებით“, – აღნიშნა ანდრიუშენკომ და დაამატა, რომ ქალაქი სამოქალაქო პირებისთვის კვლავ სახიფათოა.

მედია პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან მარიუპოლის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება ოკუპანტების მიერ ბლოკირებულია და „ჰუმანიტარული დახმარების გაცემა“ მხოლოდ რუსული სახელისუფლო პარტია „ეძინაია რასიას“ შტაბ-ბინაში ხორციელდება.

ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ქალაქში გადაადგილებისა და ქუჩაში ყოფნისთვის საშვის გაფორმების ვალდებულება დააკისრეს.

„ასობით მოქალაქე იძულებულია, რიგში ჩადგეს საშვის მისაღებად, რომლის გარეშე მომავალ კვირას შეუძლებელი იქნება არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში ყოფნაც“, – დაწერა ანდრიუშენკომ.

„უნიანის“ ცნობით, ანდრიუშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ამ ზომების მიღება შესაძლოა, წინ უსწრებდეს მოქალაქეების სამომავლო პასპორტიზაციას.

„არსებობს ცნობები, რომ ეს კეთდება არამხოლოდ ფილტრაციის ღონისძიებებისთვის, არამედ ქალაქში დამრჩენთა პასპორტიზაციის მოსამზადებლად“, – განაცხადა პეტრ ანდრიუშენკომ.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ხარკოვი დაბომბეს – სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიახერსონში, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვებს, რომლებიც მაღაზიაში პურზე მიდიოდნენ