მარინა კალიურანდი – ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში უმაღლეს დონეზე იყო ჩართული

საქართველოში ახლა რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა. შარლ მიშელი ჩავიდა საქართველოში, შეხვდა პოლიტიკურ პარტიებს და თქვა, რომ მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია მეორე ფაზა-ამ შეთანხმების ამოქმედება. ვიდრე შეთანხმება არ ამოქმედდება კრიზისის ბოლომდე დასრულებაზე ვერ ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში უმაღლეს დონეზე იყო ჩართული.

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში გაგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. კრიზისის მოგვარებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია, საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროპარლამენტი. ამაყი ვარ იმ როლით, რომელიც ევროპარლამენტმა ამ პროცესში შეასრულა. ჩემი აზრით, ევროპარლამენტში შევძელით, ჩვენი პარტიული ინტერესები გადაგვედო და უფრო ფართო ინტერესები დაგვეყენებინა წინ. ამის მკაფიო სიგნალი იყო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უნდა მივიდნენ კომპრომისამდე, რომელიც შარლ მიშელის დესპანმა წარმოადგინა. ეს არის კარგი კომპრომისი და თქვენ უნდა დაასრულოთ ჩიხი, რადგან საქართველოს დღის წესრიგში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია. მათ შორის მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა, ევროკავშირისკენ მისწრაფება, პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის პრობლემებთან გამკლავება, ვაქცინაცია. ეს არის საკითხები, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მოაგვაროს“, – განაცხადა ევროპარლამენტარა.

მარინა კალიურანდის განცხადებით, პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და ვერ იქნება დემოკრატიული, თუ იქ არ არის ოპოზიცია.

„ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და უნდა საუბრობდეს ხმამაღლა. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს. ვერ ვიტყოდი, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა, თუმცა ვიტყვი, რომ საქართველო დაბრუნდა იქ სადაც იმყოფებოდა პოლიტიკურ კრიზისამდე. ახლა საქართველოს შეუძლია ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა იმ გზას დაუბრუნდება, რომელზეც ვიდექით და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ამ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება
შემდეგი სტატიასაია პარტიებს – არ დაუშვათ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცავთა დანაშაულებზე