მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერი არ გაფართოვდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ქვეყანაში გამკაცრების ღონისძიებების ისევ შემოღების აუცილებლობა არ დადგება.

მისივე თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის მთლიანად შესწავლა მოხდება.

„მათი კონტაქტების, ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, არამგონია, მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელ გეტასა და მუშევანში, თუმცა მუშაობამ შედეგი გამოიღო.

„აქაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ ასეთი შთაბეჭდილებაა. ვნახოთ, ეს ორი კვირა დაგვჭირდება, 14 დღის გასვლის შემდეგ, კონტაქტებში დადასტურებული შემთხვევები თუ არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე. თუმცა მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, ის არსად წასულა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა შეზღუდვები საკუთარ თავს თავად დაუწესონ.

„რაღაცნაირად, მოვერგოთ სიტუაციას, რომ კვლავ თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ეს არის ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს თავებს მოვუფრთხილდეთ, ჩვენს ოჯახებს მოვუფრთხილდეთ, ვიყოთ გარკვეულწილად თვით შეზღუდვებში“,- დასძინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : 11 ახალი პაციენტიდან შვიდი საბურთალოს, ოთხი კი ბოლნისის კლასტერიდანაა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა