მარინა ეზუგბაია: ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ეტაპობრივი მატება თუ გაგრძელდება, შესაძლოა, პიკური მდგომარეობა ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

„პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვექნება, თქვენთან გამოვდივარ და ვცდილობ ხოლმე ყოველდღიური ანალიზი გავაკეთო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება. მატება გვექნება, მაგრამ ისეთი მატება იქნება, რომლის გამკლავება არ გაგვიჭირდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ პიკის ასარიდებლად, პრევენციულ ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„დარჩით სახლში აუცილებლად, უნდა ავარიდოთ თავი თავყრილობებს და რაც არის შეჩერების ღონისძიები, მას სრულყოფილად დავემორჩილოთ“ , – დასძინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატ „პლაქველინის“ მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მკურნალობა ტარდება, საკმარისია