მარინა ეზუგბაია : ერთნიშნა ციფრები საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში არსებული კარგი სტატისტიკური მონაცემების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა რეკომენდაციები და არსებული წესები დაიცვას.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ვითარება არ გაუარესდეს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ტალღა უნდა იყოს შემოდგომაზე. ახლა ლაპარაკია, მოხდება თუ არა ჩვენთან მიღებული შედეგების შენარჩუნება. იმედი გვაქვს, მოხდება, რადგან ერთნიშნა ციფრები არ არის სგანაგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება.

ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილიზაცია, არ უნდა გაუარესდეს ვითარება. იმის იმედი გვაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე ფანტასტიური იყო, ასევე გაგრძელდება და წყაროები მოძიებული იქნება. თუ წყარო ცნობილია, ყველა მათი კონტაქტი გამოკვლეული იქნება და ამ სიტუაციას გადავლახავთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა კვლავ გამკაცრდეს რეგულაციები, ეზუგბაია ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამისი პირები იმსჯელებენ.

„რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვარ, ექსპერტები არსებობენ, დასხდებიან, განიხილავენ სიტუაციას, თუ ჩათვლიან, რომ ეს სიტუაცია კვლავ მოითხოვს რეგულაციების გამკაცრებას, ალბათ გამკაცრდება. მე შემიძლია გამოვხატო სურვილი, რომ მოხდეს ქვეყანაში მიღებული სტაბილზიაციის შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა. რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ. მოვერიდოთ უსაგნო თავშეყრებს აუცილებელი საქმის გარდა, რამდენიმე ადამიანის შეკრებას, ან თუ შევიკრიბებით, უნდა იყოს დაცული რეგულაციები. 10-ზე მეტი კაცი რომ შეიკრიბება, უნდა ეკეთოთ პირბადე“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიალაზანში დაკარგული მამკაცის ცეხდარი იპოვეს
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა