მარინა ეზუგბაია : ჩვენთან „პლაქვენილის“ გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, რადგან არც ერთ პაციენტთან არ დანიშნულა, სადაც აუცილებლობა არ იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში ჰიდროქსიქლოროქინით („პლაქვენილი“) კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეპარატის გამოცდის შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ შეჩერდა სამეცნიერო კვლევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება, თუმცა, სამკურნალო წამლების ჩამონათვლიდან ჯერჯერობით ამოღებული არ არის, რადგან ასეთი მითითება არ ყოფილა.

„ჩვენთან არც ერთ პაციენტთან არ გვქონია „პლაქვენილით მკურნალობის შედეგებით გვერდითი მოვლენები, რადგან არც ერთ პაციენტთან არ დანიშნულა ეს პრეპარატი, სადაც მისი დანიშვნის ვალდებულება არ იყო, ანუ რას ნიშნავს – თუ პნევმონია არ იყო და მძიმე პაციენტი არ იყო. შეიძლება, იყო პნევმონია და იყო მძიმე პაციენტი, მაგრამ მას ჰქონდა თანმხლები დაავადება, რომელიც პლაქვენილისთვის უკუჩვენება იყო. ყველა ამის გათვალისწინებით, სადაც ჩვენ „პლაქვენილით“ დავიწყეთ მკურნალობა და ბოლომდე გავედით, არსად გვერდითი მოვლენები არ გვქონია“, – ასღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, რამდენად არის საჭირო ხანგრძლივი დაკვირვება პრეპარატის გამოყენების შედეგად გვერდითი მოვლენების გამოსავლენად, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში საკმაოდ დიდხანს რჩებიან, მათ შორის, „პლაქვენილის“ გამოყენების შეწყვეტის შემდეგ და გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.

„ჩვენთან პაციენტების დაყოვნება არ არის ხანმოკლე პერიოდით. მკურნალობა „პლაქვენილით“ ხუთდღიანი ან ათდღიანია. შემოსვლიდან მეათე დღეს არც ერთი პაციენტი არ ეწერება. ისინი ხანგრძლივად ყოვნდებიან, მით უმეტეს, იქ, სადაც ჩვენ „პლაქვენილს“ ვიყენებდით, ყველა პაციენტი არის შედარებით მძიმე და მათი დაყოვნება კლინიკაში მინიმუმ 20 დღე და მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მოხსნიდან ორი კვირის განმავლობაში პაციენტები ადგილზე გვყავდნენ და ადგილზევე მათთან არ იყო გამოხატული არანაირი გვერდითი მოვლენა. აქედან გამომდინარე, მასზე შორეული გამოვლინებები არ უნდა იყოს და არც არის“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი ივნისიდან თბილისის მერიის სერვისები ეტაპობრივად განაახლებს მუშაობას
შემდეგი სტატია“შეცვალეს” აქტივისტებმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლა გააპროტესტეს