მარინა ეზუგბაია : ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზად არის, მას გაუმკლავდეს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების გულისხმიერება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება ამ ეტაპზე უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.

ეზუგბაიას თქმით, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, და „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.

ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაპზე დაავადების ასეთი ამატების“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველო მწვანე ზონიდან გავიდა.

ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს. მარინა ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.

„მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.

შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშოდ. არ დაგვიმალია და ვამბობთ, ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები ყველა ვერტიკალის – სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ