მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატ „პლაქველინის“ მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მკურნალობა ტარდება, საკმარისია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატ „პლაქველინის“ მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მკურნალობა ტარდება, საკმარისია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, მომავალში მედიკამენტის შემოტანა იგეგმება.

„ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქველინის“ გამოყენება და ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქველინით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო. ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქველინი“ და პირველი დღეებიდანვე, პირველივე პაციენტებიდანვე ჩვენ ვიყენებთ „პლაქველინს“. შედეგებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ მომავალში გამოჩნდება. კვლევებს თავისი ხასიათი აქვს, იქ უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებული კვლევები, რათა შეადაროთ ორი ჯგუფი ერთმანეთს „პლაქველინით“ მკურნალობაში მყოფი და „პლაქველინის“ გარეშე მკურნალობაში მყოფი. მაგრამ ჯერჯერობით, ჩინელების გამოცდილებას ვემხრობით და სხვა ქვეყნებიც იყენებენ.

ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, ამჟამად არსებულ პაციენტებზე ნამდვილად საკმარისია მარაგი და მომავალში იგეგმება შემოტანა ამ პრეპარატის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება
შემდეგი სტატიატედროს გებრეიესუსმა გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა