მარიხუანს თემაზე გაგრძელდება მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან

მარიხუანას თემაზე ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, თვითონ მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. საზოგადოებისთვისაც გასაგებია, რომ ნამდვილად, ქართული ეკლესია ზრუნავს ჩვენს საზოგადოებაზე, მას ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს და აშფოთებს ამ საკითხებთან დაკავშირებული ყველა თემა. ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცინიზმია.

რაც შეეხება მარიხუანაზე კანონმდებლობას, რაც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით. არსად არ ყოფილა იქ საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე. ვნახეთ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვაში თავადაც მონაწილეობდა. ივანიშვილის თქმით, მარიხუანას სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით წარმოებით ქვეყნისთვის დამატებით მილიარდიანი შემოსავლის მოტანა იყო შესაძლებელი.

„რენტაბელობა არის ძალიან დიდი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500 პროცენტზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთ-ორ და სამ წელიწადში.

მინდა, ჩამოვთვალო ქვეყნები, რომლებიც მარიხუანას აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია. როდესაც გუნდშიც გვქონდა ამაზე განხილვა, გუნდის ზოგიერთ წევრს არ აწყობდა ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი, რომ ისინი მხოლოდ განვითარებული ქვეყნები არიან, უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით.

რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადეკვატური იყო გუნდის რეაქცია, კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან, თუ ვნახავთ და დავრწმუნდებით, ეს მართლაც ხიფათის შემცველია – ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არ წავა არც ახლა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ღიად დაემუქრა რუსთავი 2-ს, რომ იქ “შევა და განსხვავებულ აზრს შეიტანს”
შემდეგი სტატიაკრემლმა პუტინის და ტრამპის შეხვედრა დააანონსა