„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია, თუმცა პატიმრები ხმის ამოღებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას იწყებენ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
არევაძის თქმით, ხელისუფლება სავარაუდო ძალადობის ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, პატიმრისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდას იყენებს.
„პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია. აღმოჩნდა, რომ სხვა პატიმრები დასაჯეს იმის გამო, რომ სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი, რის გამოც მან რაღაც გადაყლაპა“, — აღნიშნა ადვოკატმა.
მარიკა არევაძემ ყურადღება დაწესებულებაში არსებულ დარღვევებსა და პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზეც გაამახვილა.
არევაძის თქმით, ნორმატიული აქტებით იკრძალება პატიმრის დასჯის მიზნით დეესკალაციის ოთახში მოთავსება. ეს მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როცა პატიმარი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სახელმწიფოს მხრიდან პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს — ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, და აპელირებენ იმაზე, თუ რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს პატიმარი.
თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს იმას, რომ პირი უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან ძალადობას.
„პატიმრები ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ერთმანეთს უჭერენ მხარს და ეს ინფორმაცია გამოდის სააშკარაოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგანაც იგრძნონ მხარდაჭერა, რომ ჩვენ აქ მათი უფლებებისთვის ვიბრძვით“, — განაცხადა მარიკა არევაძემ.
















