მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი – პოლიციას სკოლამ გადასცა ბავშვების პირადი მიმოწერის სქრინშოტები და ინფორმაცია, ვინ იყო კადრებზე აღბეჭდილი

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ დააკავეს, კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებული კლინიკაში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, გამომძიებელს კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს.

„ამჟამად, ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ჩასატარებელია სხვა სამედიცინო მოქმედებები, რადგან მისი ჯანმრთელობა, დღეის მდგომარეობით, მცირედ შერყეულია. დიაგნოზი ექიმს ზუსტად არ უთქვამს, უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და მოხდეს დაკვირვება. კომუნიკაცია უჭირს, მაგრამ რა ინფორმაციაც მაინტერესებდა მიმეღო მისგან, მივიღე. გამორიცხავს მონაწილეობას ამ ქმედებაში და მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ის არის უდანაშაულო“, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქმეში სკოლის როლის გარკვევაც.

„მნიშვნელოვანია ამ საქმეში გაირკვეს სკოლის წვლილიც, რადგან სკოლის მიერ მოხდა მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც გამოძახების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს. სკოლის მიერ იყო ამოღებული ვიდეოკამერები, სკოლამ გამოკითხა ბავშვები, რომლებსაც ამოაცნობინა აწგარდაცვლილი ბავშვი. როდესაც ინფორმაცია შევიდა 112-დან პოლიციის განყოფილებაში, რომ მომხდარი იყო ასეთი ფაქტი, როდესაც ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული ე.წ. სქრინშოტები, „ფეისბუქის“ სქრინშოტებზეა საუბარი, ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა. ამ საკითხზე მოგვიანებით ვისაუბრებ. სკოლამ დაახვედრა მოზარდი პოლიციას იდენტიფიცირებული, ასევე სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია, როგორ უნდა დამყარებულიყო მასთან კონტაქტი, ანუ მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი და მისი გამოცხადება პოლიციის განყოფილებაში მოხდა მშობელთან ერთად“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა და ბევრ რამეს აეხდება ფარდა.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საგამოძიებო პროცესისას ბავშვების დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საპროცესო კოდექსი დაპირისპირებას არ ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე გამორიცხულია, რომ მარიანა ჩოლოიანს ეს საგამოძიებო მოქმედება განეხორციელებინა. მშობლის გარეშე ლუკა სირაძე გამოკითხვაზე არ ყოფილა, ყოველთვის იყო მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. მშობელს მასზე კონტროლი არ დაუკარგავს“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ე.წ. ყინწვისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას, სადაც ჩოლოიანი ფიგურიგებს, როგორც ადვოკატი ამბობს, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გვარი ჩოლოიანი მოხსენიებული არ არის.

„არც ყინწვისის საქმის გამომძიებელი არ ყოფილა. იმ დაზიანებებთან ჩოლოიანის კავშირი საერთოდ არ დასტურდება. ლუკა სირაძის დაკითხვა მიმდინარეობდა ჩვეულებრივ რეჟიმში. ბავშვი მშობლის უმეთვალყურეოდ არ ყოფილა, ვინაიდან როდესაც მას გაესაუბრა ხელმძღვანელი, მშობელი იყო დაახლოებით ხუთ მეტრში და შესაძლოა, მათი საუბრის შინაარსიც ესმოდა. კანონში არ არის საუბარი იმაზე, რომ მშობელს ხელი უნდა ჰქონოდა მოკიდებული ბავშვზე. მშობელი იქ იყო სრულად, ბავშვის განყოფილებაში შესვლიდან გამოსვლამდე. ბავშვი განყოფილებაში გადაადგილებაში არ იყო შეზღუდული, მშობელი ყოველთვის ახორციელებდა მასზე კონტროლს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, სამართალს მტკიცებულებების შეფასება სჭირდება და არა საუბარი იმაზე, ვინ რა თქვა.

„ალბათ ამოღებული იქნება ვიდეომასალა, რაც განყოფილებაში არსებობს, შესაბამისად, ნათელი გახდება, რეალურად რა ხდებოდა განყოფილებაში. როდესაც საქმის მასალებს გავეცნობი სრულად, ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით. შესული ვიყავი მასთან დაახლოებით ნახევარი საათი, მაგრამ დაახლოებით 10-15 წუთი შევძელით გასაუბრება, ვინაიდან უჭირს საუბარი“, – აღნიშნა არჩილ შაბაშვილმა.

როგორც მან განმარტა, თუ საგამოძიებო ორგანო ჩოლოიანის ბრალდებულად ცნობას გადაწყვეტს, საქმის მასალები დაცვის მხარეს 48 საათის განმავლობაში უნდა გადაეცეს.

„როდის გაწერენ კლინიკიდან, არ ვიცით. ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა. ძალიან ბევრი გარემოების გარკვევაა მნიშვნელოვანი, რა როლი ითამაშა სკოლამ, ვინაიდან სკოლიდან წამოვიდა სრული ინფორმაციის მოწოდება და ფაქტიურად, მზა ინფორმაცია ქმედების ჩამდენი პირის შესახებ, იმ პირების შესახებ, ვინც იცოდნენ ამ ფაქტზე. როგორ მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება, ამით გამოძიება დაინტერესდება და გაარკვევს. გამოძიებას რა აქვს წამოღებული ჩემთვის უცნობია. მარიანა ჩოლოიანი სკოლაში მისული არ ყოფილა“, – განაცხადა შაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის გარშემო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა შავი ლენტი შემოავლეს
შემდეგი სტატიაექიმი თამუნა ცირეკიძე: “მოვუსმინოთ ბავშვებს, ვესაუბროთ ბავშვებს, ვეცადოთ, დავეხმაროთ, დავალაგებინოთ ფიქრები, მეტი თანაგრძნობა, მეტი გვერდში დგომა”