მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს იმედი აქვს, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება.

როგორც ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან დეკლარირებულია, რომ განათლების სისტემაში იქნება მუდმივი საბიუჯეტო ზრდა და ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“დღევანდელი მოცემულობით, განათლების სისტემისათვის ჩვენ გვაქვს მილიარდ 800 ათასი ლარის მოცულობის ბიუჯეტი. ეს არის მშპ-ს დაახლოებით 3%. ჩვენი მიზანია სულ მცირე გაორმაგება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წლიდან განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-იან ნიშნულზე გვექნება. ყოველწლიურად უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზაცია. გასულ წელს განათლების დაფინანსება 67-მილიონით გაიზარდა, ხოლო 31 მილიონით – კულტურის სფეროს დაფინანსება. ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლისათვის სულ მცირე 100 მილიონი ზრდა უზრუნველვყოთ. ეს არ იქნება საკმარისი ყველა ძირეული რეფორმისათვის, მაგრამ ეს არის ნიშნული, რომლითაც ჩავთვლი, რომ კარგი ნაბიჯი გადავდგით განათლების სისტემაში“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა.

განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მარიამ ჯაში კოლეგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს