მარიამ დაბო – ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში

ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა, – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა, მარიამ დაბომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

როგორც მარიამ დაბომ აღნიშნა, გენერალ გიორგი კვინიტაძეს ყოველთვის სურდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.

„ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა. არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. ყოველთვის იყო დიდი სურვილი, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში. ის საფრანგეთში დაიღუპა ისე, რომ არ უნახავს მისი სამშობლო. ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დაუჯერებელი დღეა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ“, – განაცხადა მარიამ დაბომ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს, ეს დღე გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარსულს და მომავალს
შემდეგი სტატიანოდარ ოდიშელიძე გენერალზე – 100 წლის შემდეგ დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრება ნატრობდა