მარია ზახაროვას თქმით, ბოდიშთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მოსკოვს გარკვეული იმედები ჩაუსახა

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას სიყვარული დაეხმარება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ბოდიშთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მოსკოვს გარკვეული იმედები ჩაუსახა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს და აშშ-ს სდებს ბრალს და მოქმედ ხელისუფლებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებას ჰპირდება.

“ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისიდან იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე.

საქართველოდან გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებდნენ ბოდიში მოეხადათ სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, გარკვეულ იმედს იძლევა.

ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი განწყობა აისახება ქართული დელეგაციის მუშაობაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოახლოებულ რაუნდებზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში. უფრო მეტიც, ქვეყნები მზად არიან გადაფურცლონ ეს გვერდი კონკრეტული პრაქტიკული საქმეების უზრუნველყოფით, პირველ რიგში ესაა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება.

რუსეთი, როგორც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის – როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში – ხელი შეუწყოს ამას ყველა შესაძლო გზით.”- განაცხადა ზახაროვამ.

რუსმა პროპაგანდისტმა “მეორე ფრონტის” შესახებ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და მათ შეფასებებს რეალისტური უწოდა.

საქართველოს მოქალაქეებს, მთელი თავისი გამოცდილებით, თუ რა გადახდათ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში, ესმით მომხდარის ძირეული მიზეზი. ეს არის ველაზე ველური ავანტიურა, რომლისკენაც დასავლეთმა უბიძგა ქვეყნის მაშინდელ ხელისუფლებას. ეს თანდათანობით უფრო თვალნათელი ხდება. ჩნდება ახალი დოკუმენტები. ანალოგიური მოვლენები ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის გაცნობიერება აყალიბებს ოფიციალური თბილისისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე პოზიციას საქართველოში. ამიტომ, „მეორე ფრონტის“ შესახებ რეალისტური შეფასებებია მოცემული. – განაცხადა მარია ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშილევან მგალობლიშვილი – შეუფასებელია ვეტერანების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს