რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
„ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, საუბარი ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი ზავზეც“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.