რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს გამოეხმაურა და მას „კლინიკურ რუსოფობიაში“ დასდო ბრალი.
ზახაროვას განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტი რეგულარულად მიმართავს სიძულვილის ენას.
„ნავროცკი სიძულვილის ენას რეგულარულად იყენებს. კლინიკური რუსოფობია მის კოგნიტურ უნარებზეც მოქმედებს“, — წერს მარია ზახაროვა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ციტირებს ნავროცკის სიტყვებს: „სადაც მოსკალებს უტევენ, იქ პოლონეთი ეხმარება, მაშინაც კი, თუ უშუალოდ ამ ომში არ მონაწილეობს. ასეთია პოლონეთის სტრატეგიული ინტერესი“. ზახაროვას შეფასებით, რუსების მიმართ კნინობითი ტერმინების გამოყენება სიძულვილის ენის გამოვლინებაა.
გარდა ამისა, მან პოლონეთის პრეზიდენტი საბჭოთა წარსულთან დამოკიდებულების გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნავროცკი და მისი თანამოაზრეები „საბჭოთა ძეგლებზე შურისძიებით“ არიან დაკავებულნი.
„დაახლოებით ასე გამოიყურება პოლონური სირცხვილი“, — დასძენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

















