მარგველაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები – „პრეზიდენტი ამას აუცილებლად გააკეთებს“

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqnebaპრეზიდენტს აქვს მექანიზმი, დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად ჩატარდება და ყველა მათ გადაწყვეტილებას “ფარატინა ქაღალდად” გადააქცევს – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც კობახიძემ მარგველაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა და პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის მიმდინარეობისას, დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში კონსტიტუციის განხილვის პროცესი თავად კობახიძემ ჩააგდო და ახლა ცდილობს ეს პრეზიდენტს გადააბრალოს:

“ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც უმწიფარი ადამიანი ცდილობს, რომ თავისი უგუნურება სხვას გადააბრალოს. ის რეალობას ვერ აფასებს და რეალობა არის ძალიან მარტივი. მისი თეთრი ძაფით ნაკერი რაღაცა დოკუმენტი და ფსევდოპროცესი, რომელსაც ის წარმართავდა ჩავარდა. იმიტომ კი არა, რომ პრეზიდენტი დაუპირისპირდა, იმიტომ რო სრული სტერილიზაცია და იზოლაცია განიცადა. ერთი ჯგუფი მაინც დამისახელოს- ან პოლიტიკური ოპოზიციის, ან სამოქალაქო საზოგადოების ან მოსახლეობის , გადა იმისა ვინც ლექსებს უკითხავდა ვიღაცის შეკვეთით. თვითიზოლაცია განიცადა და რა შუაშია აქ პრეზიდენტი? ახლა ცდილობს ხელი გაიშვიროს პრეზიდენტისკენ, რომ ეს მისი მრავალთვიანი უგუნურება არაკვალიფიციურობა კი არ იყო, თურმე პრეზიდენტი ყოფილა ჩასაფრებული. ან ეს არის ბავშვური ინფანტილური სიჯიუტით გამოწვეული გაჯიქება, ან ფსიქიური დაავადება. მესამე დიაგნოზს მე ვერ დავსვამ.” აცხადებს ხუხაშვილი და კონსტიტუციით განსაზღვრულ ერთ-ერთ მათავარ საკითხზე, საპრეზიდენტო არჩევნების წესზეც საუბრობს. ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტს სათხოვარი არაფერი აქვს, ვინაიდან მას აქვს ბერკეტი და უპირატესობა, თანამდებობიდან გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე არჩევნების მოგება გაუჭირდება:

“პრეზიდენტს მათთან სათხოვარი არაფერი არ აქვს. რაც უნდათ ის ქნან. თავისი გამონათქვამებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ახალგაზრდა კაცმა, რომ ეს ჩანაწერი 2018-ში იქნება თუ 2023-ში, უკავშირდება არა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ კონკრეტულად მარგველაშვილთან კარგ ან ცუდ ურთიერთობას. რატომღაც ისინი თვლიდნენ რომ ითვალისწინებდნენ მარგველაშვილის ინტერესს და ამიტომ გადადეს 2023-ში. პრეზიდენტმა სთხოვა მათ ეს? ანუ, თვითონ მოიფიქრეს რაღაცა კონფლიქტი, თვითონვე მოიფიქრეს კომპრომისი. ამას დაარქვეს კომპრომისი, რომელიც მათთვის არავის არ უთხოვია, თავის თავს ეჩხუბნენ, ეკამათნენ და საბოლოო ჯამში ახლა არიან გაბუტულები თავის თავზე. იმიტომ, რომ მარგველაშვილს არც 2018 წელი უთქვამს, არც 2023 წელი. არაფერი ამაზე არ ულაპარაკია. ვის ეკამათებოდნენ, ვის ურიგდებოდნენ – ეს არის სრული პოლიტიკური პარანოია.

2018 -ში თუ დანიშნავენ ირიბ არჩევნებს, მარგველაშვილს ექნება უფრო დიდი პოლიტიკური მანევრის საშუალება. იმიტომ, რომ მარგველაშვილს ამ შემთხვევაში უჩნდება მექანიზმი, რომლითაც შეუძლია მათი ეს გადაწყვეტილება თავდაყირა დააყენოს. რომ გამოიყენოს ეს მექანიზმი მერე რას შვრებიან? თუ ისინი 2018- ში დანიშნავენ ირიბ არჩევნებს, პრეზიდენტი ამას აუცილებლად გააკეთებს. მე ვამბობ, რომ მას უჩნდება მექანიზმი, რომ გადადგეს, მისი გადადგომის შემთხვევაში ინიშნება არჩევნები და ჩვენ ისევ 5 წლით მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა და 5 წლით თავისთავად გადავადდება მათი ეს გადაწყვეტილება…პრეზიდენტი რას აპირებს ეს არავინ არ იცის.

გარდა ამისა სხვა პრობლემა გაუჩნდება ხელისუფლებას იმიტომ, რომ თუ ამ შემოდგომაზე, ამ ფონზე, როდესაც არავის არ უნდა, ყველა წინააღმდეგია და ხელისუფლება ხელების გადაგრეხვით მაინც იღებს არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, ამ ფონზე, ეჭვი მეპარება, რომ მათ შეძლონ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება. და საპრეზიდენტო არჩევნები თუ წააგეს, ესეთი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ყველაფერს სხვას წააგებენ. უნდათ ეს თავის ტკივილი? ვის ევაჭრებიან და ვის აშინებენ? არავის არ ეშინია მათი ამ ბაქი-ბუქის, სასათბურე პირობებში გუშინ გამოყვანილი მოუმწიფარი ახალგაზრდების. ნუ აბაკუნებენ ფეხებს უაზროდ”,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წყარო: პირველი რადიო

banner
წინა სტატიაშიპანთეონი სადაც ნაზარბაევს დაასაფლავებენ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ჩავყვინთეთ!