რუსულმა ძალებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შტაბბინაზე იერიში მიიტანეს. ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირსშესანიშნაობის, წმინდა სოფიას ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ესკალაცია და უპირატესად მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული რაიონის მიზანში ამოღება კიდევ ერთხელ ავლენს რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლუტურ უგულებელყოფას და უკრაინის იდენტობის წაშლის მუდმივ კამპანიას“, – აცხადებს ცაჰკნა.
მისი თქმით, კრემლის მიზანი უცვლელი რჩება: მაქსიმალური ხოცვა-ჟლეტის განხორციელება, ტერორის დათესვა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დათრგუნვა.
„ესტონეთი ცალსახად გმობს ამ უკანასკნელ თავდასხმებს და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. პასუხისმგებლობის დაკისრება უკომპრომისო უნდა იყოს. რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაუსჯელობა არ გაბატონდეს“, – აცხადებს ცაჰკნა.








