მარეგულირებელმა კომისიამ შექმნა ისტორია, რომლითაც 9%-ის მფლობელს, მისცა შესაძლებლობა, წარედგინა სარჩელი – კორძაია “რუსთავი 2”-ის საქმეზე

“თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მედია პრაქტიკულად შეწყვეტს არსებობას, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა,”-აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ დაწყებული ახალი შეტევის შეფასებისას.

საუბარია ახალ სასამართლო დავაზე, კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ დაიწყო. ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს.

თამარ კორძაია ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შემქნა იმის შესაძლებლობა, რომ 9%-იანი წილის მფლობელს შესაძლებლობა მისცემოდა ეჩივლა სასამართლოში. ხოლო თუ სასამართლო, მოდავე მხარეს 26 მილიონის გადახდას დააკისრებს, ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანია გაჩერდება. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო მსგავს გადაწყვეტილებებს აღიქვამს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

„როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ბუღალტრული ანგარიშგების საკითხების განხილვა, „რუსთავი2“-მა მაშინ დააყენა საკითხი, რომ ის არაორდინალურ ვითარებაში იმყოფება, მის ქონებას ადევს ყადაღა და შეუძლებელია სრულყოფილად წარადგინოს დოკუმენტაცია, მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გეგმაზომიერად შექმნა დარღვევების ისტორია, მერე რა რომ მხოლოდ გაფრთხილება დააკისრა.

“მთავარია ის რომ მან შემქნა ისტორია, რომლითაც ადამიანს, 9% მფლობელს, მისცა შესაძლებლობა წარედგინა სარჩელი სასამართლოში. 26 მილიონს ითხოვს, ეს რომ დაკმაყოფილდეს ნიშნავს, რომ ტელევიზია პრაქტიკულად იხურება, ევროპის სასამართლო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს განიხილავს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, ეს სტანდარტი არსებობს. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მედია პრაქტიკულად შეწყვეტს არსებობას, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში“არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ არის” – კალაძე
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა ყველა სახელისუფლებო შტო ერთპიროვნულად დაიქვემდებარა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო” – შალვა შავგულიძე