მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას აგვარიდებს თავიდან,- ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის 25 ივლისის გათიშვაზე საუბრისას განაცხადა.
,,აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პირველადი ინფორმაციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა მიმწოდებელი პირებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან. თუმცა გარკვეული ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია, შესაბამისად, ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ გავაკეთოთ საბოლოო დასკვნა.
წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები”,- თქვა ნარმანიამ.
24-25 ივლისს ელექტროენერგია ავარიულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ გაითიშა. ამ საკითხზე გამოძიება სუს-მა საბოტაჟის მუხლით დაიწყო.















