მაქსიმ შევჩენკო: ქართველმა თავადებმა მოიყვანეს კავკასიაში რუსეთის იმპერია

პორტალ «Кавказская политика»-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი მაქსიმ შევჩენკო აფხაზებს ურჩევს, «თავს ნუ მოიტყუებენ: საქართველო რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი პოტენციური სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მიზანია».

«….აფხაზეთს ვერ განვიხილავთ კავკასიის იმ დიდი რეგიონისგან განცალკევებით, რომელიც, ვთქვათ, სამხრეთით არაქსით იწყება და ჩრდილოეთით დონისპირა მიწებით მთავრდება. რუსეთი დღეს სტრატეგიული კავკასიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ მოდელში აფხაზები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათზე პასუხს ვაგებთ, მაგრამ აფხაზეთი ამ დიდი სისტემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. ჩემი აზრით, რუსეთმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ კავკასია მთლიანად შედის მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში და ვუშვებთ რა კავკასიაში უცხოეთის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ წარმოდგენილობას (მაგალითად, ნატოსას, ან იგივე თურქეთისას — მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩვენთვის მტრული სახელმწიფო არ არის), რუსეთი რისკავს, კავკასია დაკარგოს. აფხაზეთის მიმართ გარკვეული უდავო პრეფერენციების სანაცვლოდ რუსეთს, ჩემი აზრით, საერთოკავკასიურ სტრატეგიულ დიალოგში, სტრატეგიულ დარეგულირებაში აფხაზეთის გონივრული მონაწილეობის იმედი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [რუსეთს] საქართველოსთან ომი გვქონდა, თავს ნუ მოიტყუებთ: საქართველო რუსეთისთვის პოტენციურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესი მიზანი. კავკასიაში რუსეთი სწორედ საქართველოს კვალდაკვალ მოვიდა. სწორედ ქართველმა თავადებმა მოიყვანეს კავკასიაში რუსეთის იმპერია. ისინი არც შერვაშიძეები იყვნენ და არც ჩაჩბები — ამ დინასტიების მიმართ ჩემი ღრმაპატივისცემის მიუხედავად. და მიუხედავად ყველა შეცდომისა, რომელიც რუსეთმა დაუშვა იმპერიის პერიოდშიც და შემდგომშიც, და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ რუსეთის საყრდენი კავკასიაში სომხეთია ან ოსეთი, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის საყრდენი კავკასიაში ყოველთვის მართლმადიდებელი საქართველო იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული, სტრატეგიული გზის მიღმა არაფერი იქნება» – განაცხადა შევჩენკომ აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.

მან შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ «საქართველოსთვის ყოველთვის მიდიოდა ბრძოლა რუსეთსა და თურქეთს შორის, გარკვეულ პერიოდებში მასში ირანიც მონაწილეობდა».

«ოდესღაც ეს ბრძოლა ზარბაზნების გამოყენებით წარმოებდა, ახლა — ფულისა და პოლიტიკური სვლების. ასე, რომ, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო, ერთგვარ თურქულ ფილიალად იქცეს და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი საქართველოში თურქებს ეკუთვნოდეთ — თურქების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. ეს უბრალოდ არ შედის რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სფეროში» – დასძინა შევჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიაპაატა ხიზანაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიაში 18 აპრილს შევიდა